24 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
კალაძე ზოგჯერ ისე გვესაუბრება, თითქოს ოპოზიციაშია - ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებაზე საუბრობს. მისი თქმით, ქალაქის განვითარებას სამი ძირითადი მიმართულებით - სოციალური ფონის, სამუშაო ადგილების შექმნით და გარემოს მოწესრიგებით, შეძლებს.

ელენე ხოშტარია პარტიის მიერ მერობის კანდიდატად მის დასახელებას „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში ხსნის. მერობის კანდიდატის განცხადებით, მისთვის მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ის ახალი სახეა პოლიტიკაში და ასევე შესაძლოა, ცნობადობის პრობლემა ჰქონოდა.

„ეს გამოწვევა პირიქით, ძალიან ბევრ ენერგიას მაძლევს, რომ რაც შეიძლება მეტი ვიმუშაო ადამიანებთან, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უშუალოდ შევხვდეთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში მისი თანაპარტიელის, გიგი უგულავას თბილისის მერად ყოფნის პერიოდზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თბილისის ყოფილმა მერი, გიგი უგულავამ მერობის პერიოდში საკმაოდ ბევრი პრობლემების მოგვარებასთან ერთად, გარკვეულ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდა. ელენე ხოშტარიას თქმით, მისი მერობის შემთხვევაში, გიგი უგულავა თბილისის მერიაში არ დასაქმდება.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა.

„ძალიან სასაცილოა, როდესაც, მაგალითად, საუბრობს კალაძე, რომლის გუნდიც დღეს არის ხელისუფლებაში და სამი წელია, ნარმანიას შეეძლო, ეს გაეკეთებინა და კალაძე ზოგჯერ ისე გვესაუბრება ხოლმე, თითქოს ოპოზიციაშია და ახლა მოვა და რაღაცეები შეიცვლება,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება გადაიხედება. ხოშტარიას თქმით, მთავარია შემუშავდეს სწორი სატრანსპორტო ხედვა, რომელიც არ არსებობს.

დღის ამბები