25 აპრილი 2024,   19:03
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია ხვალ დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო ოპოზიცია ხვალ დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს. უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას გეგმავს. პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით უმრავლესობამ პრეზიდენტს გუშინ მიმართა, თუმცა, ამ დრომდე, პრეზიდენტს გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციაში კვლავ მიმდინარეობს კონსულტაციები.

„მე ძალიან იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებული პროექტის დამტკიცება რიგგარეშე სესიაზე მართლაც მოხდება მიმდინარე კვირას,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მმართველ გუნდს კონსტიტუციის ერთპარტიულად მიღების მცდელობის გამო, კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.

„ისინი ზრუნავენ არა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, არამედ საკუთარ პირად პოლიტიკურ მომავალზე და ეს ქვეყანას არ მოუტანს პოლიტიკურ სტაბილურობას,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მესამე მოსმენით დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. დღეს კომიტეტზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე წარადგენს.

დღის ამბები