25 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
IDFI უმრავლესობას ვენეციის კომისიის მიერ სასამართლოების შესახებ რეკომენდაციების შესრულებისკენ მუწოდებს

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნას ეხმიანება. კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 13 გვერდიან დასკვნაში სასამართლოების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც არის საუბარი.

არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველ გუნდს აღნიშნული რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. 

IDFI-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრებებში ასახულია იმ შენიშვნების უმრავლესობა, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, ვენეციის კომისია დასკვნაში ცალსახად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის შეზღუდვა, როდესაც მისი უფლებამოსილება საარჩევნო დავებს ეხება, გადამეტებულად ზღუდავს სასამართლოს ძირითად ფუნქციას.

„ჩვენს ორგანიზაციას მიაჩნდა, რომ საარჩევნო დავებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის შემცირება უკანგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან არჩევნების ლეგიტიმურობისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები შესაძლო არაკონსტიტუციური ქმედებების გასანეიტრალებლად,“ - აღნიშნულია IDFI-ის განცხადებაში.

"არასამთავრობო ორგანიზაცია ვენეციის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, უმრავლესობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის ცვლილების კიდევ ერთხელ გადახედვისკენ მოუწოდებს. კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის პროცესში პრეზიდენტის ნაცვლად მოსამართლეების კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

„მიგვაჩნია, რომ იუსტიციის საბჭოსთვის ამგვარი მნიშვნელოვანი უფლებამოსილების გადაცემა კიდევ უფრო აქტუალურს ხდის იუსტიციის საბჭოს საქმიანობის რეფორმირების საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ დაიხვეწოს იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესები და ასევე საბჭოს წევრების არჩევის პროცედურა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მოსამართლეების სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიამ "მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა შეუსაბამოდ მიიჩნია სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან და გამოთქვა რეკომენდაცია ამ დებულების ამოღების შესახებ“.

პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით კი მმართველ გუნდს მოუწოდებს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, სადაც აღნიშნულია, რომ გენერალური პროკურორის არჩევა პარლამენტის მხრიდან არ უნდა მოხდეს, რადგან ეს უწყების „დეპოლიტიზირებას“ საფრთხეს შეუქმნის.

„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ გაიზიარა ვენეციის კომისიის დასკვნა და გენერალური პროკურორის არჩევა კვლავაც მოხდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით და არა კვალიფიციური უმრავლესობით,“ - აღნიშნულია IDFI-ის განცხადებაში.

IDFI ხელისუფლებას დადებული პირობის შესრულებისკენ მოუწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიის მხრიდან ნეგატიური შეფასების არსებობის შემთხვევაში, პარლამენტი არცერთ ნორმას არ დაამტკიცებს. 

დღის ამბები