16 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით დაგეგმილ ცვლილებებს ირაკლი კობახიძე წარადგენს

საქართველოს პარლამენტში ერთ საათზე მეტია, იურიდიული კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც საკონსტიტუციო პროექტში მესამე მოსმენით დაგეგმილ ცვლილებებს ირაკლი კობახიძე წარადგენს. პაკეტის მიხედვით, მმართველი უმრავლესობა რიგგარეშე სხდომის ჩატარებასაც ითხოვს და აპირებს კენჭი უყაროს ცვლილებების იმ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე მხოლოდ 2024 წლიდან გადავა და ასევე 2024 წლიდან პრეზიდენტს ამომრჩევლის ნაცვლად, უკვე 300 ხმოსანი აირჩევს.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციას და პრეზიდენტს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის გამო აკრიტიკებს. მდინარაძე ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ კომისია იმ დროს დატოვა, როდესაც საკონსტიტუციო პროექტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის იყო გაწერილი.

„დღეს აგრძელებენ ამ კურსს და ცდილობენ, რამენაირად ბოლომდე ჩრდილი მიაყენონ და ხელი შეუშალონ საკონსტიტუციო რეფორმის ძალიან პროგრესულ მთელ ამ სვლას,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტში შეტანილი ცვლილებები კომპრომისებზეა აგებული.

„ეს არის ცვლილებები, რომლებიც კომპრომისების გზით არის ფორმულირებული. არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ დაუთმია ამდენი საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ქვეყნის ინტერესებისთვის და მათ შორის, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებების გათვალისწინებით,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები