19 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
უმრავლესობის მხრიდან საარჩევნო სისტემის შეთავაზებულ ვარიანტს საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ უჭერს

„ჩვენთვის გაუგებარია, რა ცვლილებებზე საუბრობს ხელისუფლება ვენეციის კომისიასთან,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი კონსტიტუციის ახალი პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მზაობას.

საქართველოს პარლამენტში ერთ საათზე მეტია, იურიდიული კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც საკონსტიტუციო პროექტში მესამე მოსმენით დაგეგმილ ცვლილებებს ირაკლი კობახიძე წარადგენს. პაკეტის მიხედვით, მმართველი უმრავლესობა რიგგარეშე სხდომის ჩატარებასაც ითხოვს და აპირებს, კენჭი უყაროს ცვლილებების იმ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე მხოლოდ 2024 წლიდან გადავა და ასევე 2024 წლიდან პრეზიდენტს ამომრჩევლის ნაცვლად, უკვე 300 ხმოსანი აირჩევს.

სალომე სამადაშვილის თქმით, საკონსტიტუციო განხილვებს ესწრებიან და ხვალ რიგგარეშე სესიაზეც მივლენ, რადგან მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ ერთპარტიულად ცვლის „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას.

„სრულიად დაჩქარებული, აბსურდული პროცესი, რომელიც მიმდინარეობს კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მოითხოვს იმას, რომ ჩვენ აქტიურად ვიყოთ ჩართული პარლამენტში კონსტიტუციის პროექტის განხილვისას,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე მმართველ გუნდს ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლობის გამო აკრიტიკებს.

„ქართული ოცნება" დღეს ასრულებს საკონსტიტუციო განხილვების პროცესს და ასრულებს ისე, რომ არცერთ ეტაპზე არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების, საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივი პოზიცია,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე. 

დღის ამბები