24 აპრილი 2024,   09:50
ვრცლად
ხანძარი წაღვერის ტყეში - ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა

წაღვერის ტყეში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს ავიაცია, სამაშველო სამუშაოებში 4 ვერტმფრენი და 700-მდე მეხანძრეა ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერები უკვე აღარ არსებობს.

ნიკოლოზ სირაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ამინდი არ გაუარესდა, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

„ამ დროისთვის ტყის მასივში ღია კერები ფაქტობრივად არ ფიქსირდება, ასევე შემცირებულია დაკვამლიანება, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია საჰაერო ტექნიკა, რომელიც აქტიურად ახორციელებს ტონობით წყლის დასმის პროცედურებს და თუ ხელი შეგვიწყო მეტეოპირობებმა ვფიქრობ, დღის ბოლოს ჩვენ გვექნება საგრძნობლად უკეთესი მდგომარეობა,“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ სირაძემ. 

ადგილზე იმყოფება საგანგებო შტაბიც. ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, გზის გაჭრის მეშვეობით ტექნიკამ და ცოცხალმა ძალამ ცეცხლის კერებთან მიახლოება შეძლო. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს წყლის მიწოდება და ვითარება წაღვერში ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.

„ხანძარი კონტროლს ექვემდებარება, იმ ხევში გვაქვს ჩაკეტილი, თავიდან ბოლომდე პერიმეტრს ვიცავთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ შუადღის შემდეგ ლოკალიზაციისკენ წავალთ და დაიწყება სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურა აღარ არის საჭირო, ყველა კერასთან მისული ვართ, ყველგან მობილიზებულია ტექნიკა, ცოცხალი ძალა, წყლის მიწოდებაც აქტიურად მიმდინარეობს, წყლის მიწოდების პრობლემაც არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, კარგი სიტუაცია გვაქვს,“ - განაცხადა ზურაბ ალვიძემ.

წაღვერის ტყეში ხანძარს მეხანძრე-მაშველები უკვე ოთხი დღეა ებრძვიან.

დღის ამბები