ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. ახალგაზრდები უმაღლესი სასწავლებლიდან გაშვებული ლექტორების დაბრუნებას მოითხოვდნენ. სტუდენტებმა საკუთარი მოთხოვნები დღეს რექტორსაც გააცნეს, თუმცა, შეხვედრით უკმაყოფილო არიან.
მათი თქმით, რექტორმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ გათავისუფლებული ლექტორების პოზიციებზე დაბრუნების ერთადერთი გზა, უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსია.
სტუდენტებმა შეხვედრაზე კონკრეტული ლექტორების საქმეებზეც ისაუბრეს. მათ ყურადღება ლექტორ პაატა შურღაიას საქმეზეც გაამახვილეს და მისი გათავისუფლება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მთავარ არგუმენტს დაუპირისპირეს. სტუდენტების განცხადებით, პაატა შურღაია არ არის არცერთ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი. ხოლო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ლექტორები სხვა უნივერსიტეტში დადებული ხელშეკრულებების გამო გათავისუფლდნენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას თქმით, გათავისუფლებულმა ლექტორებმა დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა.
რექტორი პაატა შურღაიას საკითხთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს და უახლოეს მომავალში გაეცნობა.
ლექტორების ნაწილი ბრძოლის გაგრძელების სამართლებრივ მექანიზმებთან დაკავშირებით, კონსულტაციების გავლას გეგმავს. სტუდენტების ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ კი, ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.