20 აპრილი 2024,   10:55
ვრცლად
მწვავე დებატები, დემარში, სტვენა და შეცდომით გაკეთებული არჩევანი განახლებული კონსტიტუციის მიღების დროს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ ქვეყნის მთავარი კანონი პარლამენტში და შენობის გარეთ მიმდინარე პროტესტის ფონზე დაამტკიცა. საკონსტიტუციო პროექტის მესამე მოსმენა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც მმართველ გუნდს აკრიტიკებდნენ, მიკროფონები გაუთიშეს.

შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან მიიჩნევენ, რომ დღეს დამტკიცებული კონსტიტუცია, ერთპარტიულია.

„ენმ“-მ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა. მმართველმა გუნდმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში შეტანილი ცვლილებები გაიხსენა და მათ ერთპიროვნულად მიღებული უწოდა.

კონსტიტუციის პროექტის განხილვა პროტესტის ფონზე გაგრძელდა. დღეს მოქალაქეების ერთმა ნაწილმა პარლამენტის წინ კუბო მიიტანა და საკონსტიტუციო ცვლილებები აქცია პერფომანსით გააპროტესტა.

„ევროპულმა საქართველომ“ დღეს „ქართული ოცნება,“ მოსახლეობისა და ვენეციის კომისიის მოტყუებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის მთავარი კანონის დამტკიცების დროს არც უცხოელი ექსპერტების და არც ქართველი პოლიტიკოსების რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვითარება კიდევ ერთხელ ადა მარშანიასა და სხდომის სპიკერის თამარ ჩუგოშვილის დაპირისპირების შემდეგ დაიძაბა. ჩუგოშვილმა მარშანიას მიკროფონი არ ჩაურთო, რის შემდეგაც მარშანია პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნასთან მივიდა, ირაკლი კობახიძეს სიტყვა შეაწყვეტინა, მისი მიკროფონი მოირგო და განცხადების გაკეთება ამ ფორმით სცადა.

კენჭისყრის დროს კანონპროექტს 117-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 2-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, თუმცა, როგორც გაირკვა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, ნატო ჩხეიძეს შეეშალა და კონსტიტუციას მხარი შეცდომით დაუჭირა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, აჭარის კონსტიტუციაც დაამტკიცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები