ცესკო-მ საჯარო მოხელეების მხრიდან საარჩევნო კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული რეპორტაჟიდან გაირკვა, რომ კახი კალაძის წინასაარჩევნო შეხვედრებში საჯარო მოხელეები აქტიურად მონაწილეობენ.
ცესკო-ს ინფორმაციით, მსგავსი აქტივობებით საარჩევნო კოდექსი ირღვევა, რომლის მიხედვითაც, აგიტაციაში საჯარო მოხელეებისა და მითუმეტეს, საუბნო კომისიების წევრების მონაწილეობა იკრძალება.
საარჩევნო ადმინისტრაცია ჯერჯერობით მხოლოდ 48-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარისა და, ამავდროულად, ბაღის მასწავლებლის, ლალი გამხიტაშვილის საკითხს სწავლობს, რომლის იდენტიფიცირება „კურიერის“ მიერ მოპოვებული ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
დაეკისრებათ თუ არა კანონით გათვალისწინებული სანქცია საჯარო მოხელეებს, ჯერჯერობით, უცნობია. შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ითხოვს.
„ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების კონკრეტულ ფაქტებს უახლოეს დღეებში გაასაჯაროვებს „ნაციონალური მოძრაობაც.“ პარტიის წევრების ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს სამსახურებში ოჯახის წევრების პირადი მონაცემების წარდგენას სთხოვენ.