17 აპრილი 2024,   02:15
ვრცლად
ბრალდებული პირების მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობა - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ყაჩაღობაში ბრალდებული სერგო მამასახლისის ოჯახი სამართალდამცველებს დაკავებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ფაქტს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურატურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული პირების მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

"საქართველოს პროკურატურა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული პირების - თ.ხ-ს, ს.მ.-ს და ბ.მ.-ს მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

"ბ.მ. - ს,  თ.ხ. - ს, ს.მ. - ს და გ.ს. - ს წარდგენილი აქვთ ბრალდება ჯგუფურად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქ.თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ალფა“-ს საწყობზე ყაჩაღური თავდასხმისა და პერსონალის მიმართ იარაღისა და ძალაყინების გამოყენებით განხორციელებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის, ასევე ამგვარი ძალადობის გამოყენების მუქარისათვის. 

"2017 წლის 23 სექტემბერს თ.ხ. - ს,  ს. მ. - ს და ბ. მ. - ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 2017 წლის 24 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. 
ბრალდებულებმა სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე განმარტეს, რომ მათ პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ბრალდებულებმა ასევე  განაცხადეს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში აშიმშილეს.

"აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, პროკურორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ბრალდებული  პირების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. 
ამავე საქმეზე,  საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 27 სექტემბერს მომართა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა და ითხოვა ბრალდებული პირების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტის გამოძიება. 

"ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა აქტიურად ატარებს შესაბამის საგამოძიებო  და საპროცესო მოქმედებებს, ხოლო მიღებული შედეგებისა და გადაწყვეტილებების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები