18 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
ნასამართლეობა და ახლობლობა - "ქართული ოცნების" საარჩევნო სია თბილისში

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი, ელისო კილაძე, „ქართულ ოცნებას“ ორმაგი სტანდარტების ქონაში ადანაშაულებს. გაზეთში, თბილისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარსული საქმიანობისა და მათი კავშირების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.

საუბარი იყო კანდიდატ დავით უთმელიძის საქმიანობაზე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2005 წლის ჩათვლით და კიდევ ერთ კანდიდატ ირაკლი ზარქუას კავშირებზე თბილისის მერობის კანდიდატ კახი კალაძესთან.

ამ საკითხზე კახი კალაძის შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით უთმელიძე ჟურნალისტებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ მას ბაჩო ახალაიასთან იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არ უმუშავია, რადგან ის მანამდე გაათავისუფლეს.

ჟურნალისტი ელისო კილაძე კი აცხადებს, რომ ეს ფაქტი მასთან უთმელიძის ყოფილმა თანამშრომლებმა დაუდასტურეს და აღნიშნავს, რომ ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2005-2008 წლებში მუშაობდა. კილაძის თქმით, მმართველ გუნდს ორმაგი სტანდარტები აქვს, რადგან სიაში ის ადამიანები ჰყავს, რომლებიც იმ რეჟიმთან თანამშრომლობდნენ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გამუდმებით აკრიტიკებს.

სტატიის მიხედვით, მმართველი გუნდის კანდიდატის შტაბში, მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ზარქუა კახი კალაძის ლობირებით მოხვდა, რადგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და, ნინი ზარქუა კალაძის მეუღლის, ანუკი არეშიძის ახლო მეგობარია. ამ ფაქტს თავად ზარქუაც ადასტურებს და აცხადებს, რომ სიაში არა მხოლოდ კალაძის რეკომენდაციით მოხვდა.

„ქართული ოცნების“ სიაში ნასამართლევი კანდიდატებიც არიან, ლევან ჯაფარიძე და დავით უჯმაჯურიძე. გაზეთის ინფორმაციით, ისინი მმართველი გუნდის კონკრეტული ლიდერების რეკომენდაციით წარადგინეს. წარდგენილთა სიაში მომღერალ სოფო ბედიას მეუღლე და ყვითელი მედიის ვარსკვლავი, მიხეილ მესხიც მოხვდა. ის ქუთაისში ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით 2012 წელს დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები