16 აპრილი 2024,   16:10
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში - დაკავებულია ერთი პირი

თბილისის საკრებულოში ხმაურის და დაპირისპირების დროს რამდენიმე პირი დააკავეს. საკრებულოში ხმაური განსახილველ საკითხთა შორის ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის რამდენიმე ნაკვეთის გადაცემის საკითხის მოხსნის მოთხოვნას მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საკრებულოში მომხდარი ინცინდეტის შედეგად დაკავებული რჩება მხოლოდ ერთი პირი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლილე ლიპარტელიანის მტკიცებით, ამ დრომდე დაკავებულია თამაზ მამედოვი, რომელიც საკრებულოს სხდომათა დარბაზში განხილვაზე დასასწრებლად მივიდა. ლილე ლიპარტელიანის თქმით, მამედოვს ხელები გადაუგრიხეს და ისე დააკავეს.  

მისი თქმით, სამართალდამცავებმა, ასევე,  დააკავეს მუხიანის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ჟამუტაშვილი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს.

„დაიჭირეს თამაზ მამედოვი, ჩვეულებრივი მსურველი იყო, რომ დასწრებოდა საკრებულოს სხდომას ხელების გადაგრეხვით, არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა ისე წაიყვანეს. ასევე, დაიჭირეს მუხიანში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ჟამუტაშვილი,“ - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

ამ დრომდე უცნობია, ვინ არიან სამოქალაქო ფორმაში გადაცმული ის პირები, რომლებმაც დღეს საკრებულოში პროტესტის გამოსახატად მისული მოქალაქეები დააკავეს. ოპოზიციის მტკიცეებით, მმართველმა გუნდმა დღეს საკრებულოში. ე.წ. ზონდერების მობილიზება მოახდინა, რომლებიც ოპოზიციის მხარდამჭერებს ფიზიკურად უსწორდებოდა.

ხმაურიანი დაპირისპირებისა და საკრებულოს შენობაში მობილიზებული პოლიციელების ფონზე უმრავლესობამ სადავო საკითხები მაინც დაამტკიცა და თბილისის ცენტრში მიწის ორი ნაკვეთის ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა.

პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრი პანორამა თბილისს პარკინგის მოსაწყობად 1 ლარად გადაეცემა, თაბორის მთაზე 5000 კვადრატული მეტრი კი ყოფილ პრემიერს გოლფ კლუბის სარწყავი სისტემის დასადგამად სჭირდება.

დღის ამბები