25 აპრილი 2024,   09:42
ვრცლად
ოპოზიციაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ

ოპოზიციაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ. მათი თქმით, კონკრეტულ პირებს აძალებენ მმართველი გუნდის საარჩევნო აქტივობებზე მისვლას, ადგილი აქვს სოციალური დახმარების თემით მანიპულირებასაც. ოპოზიცია შემომწირველების შევიწროვებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებზე ზეწოლა გრძელდება.  

„მთავარი ბერკეტი არის ის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და ასეთი მეთოდებით ცდილობს ახლა, რომ რაღაც მინიმალური შედეგი დადოს არჩევნებზე,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, მმართველი გუნდი ამომრჩევლებს შეხვედრებზე მისვლას აიძულებს.

„ემუქრებიან სოციალურის მოხსნით, ემუქრებიან სოციალურ სასადილოში მისვლის უფლების გაუქმებით, ანუ აბსოლუტურად, ყველანაირ ამორალურ შანტაჟზე არიან გადასულები,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ „ბინძური“ კამპანია მიმდინარეობს.

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ყველა ვადევნებთ თვალყურს, როგორ დაატარებენ, საჯარო სკოლების მასწავლებლებს, პერსონალს, საბავშვო ბაღის პერსონალს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„არცერთმა ბანკმა ჩვენ არ მოგვცა კუთვნილი წინასაარჩევნო კრედიტი და არცერთ ბიზნესმენს არცერთი ცენტი არ შემოუწირია ჩვენთვის, მაშინ, როდესაც მთელმა ბიზნესმა ლეგალურად მიიტანა ათეულობით მილიონი „ქართულ ოცნებაში,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.  

დღის ამბები