სოფელ კუმურდოში სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან. სოფელში დაპირისპირება ადგილობრივების მიერ ეკლესიის ეზოში შესვლის მცდელობას მოჰყვა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
ადგილობრივების მტკიცებით, მათ ეკლესიის ეზოში სანთლების დანთება უნდოდათ, რის საშუალებაც, დაცვის სამსახურმა არ მისცა. მოსახლეობის ეკლესიის ეზოში შესვლის მცდელობის შემდეგ, სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო.
კუმურდოში პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ახალქალაქის საავადმყოფოში 4 პოლიციელია გადაყვანილი, მათ შორის დეპარტამენტის უფროსი. დაშავებულების მდგომარეობა მძიმე არ არის.
სამართალდამცავების გარდა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობაც არის დაშავებული, თუმცა, მათ საავადმყოფოში წასვლაზე უარი განაცხადეს.
ინცინდენტის ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრი, რომელმაც ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ დაკავებულ მოქალაქეებს დღის ბოლომდე გაათავისუფლებდნენ.
სოფელ კუმურდოში არსებულ სიტუაციაში გასარკვევად, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე, ჩავიდა.