„ეს იყო ამაზრზენი და გულის ამრევი, რაც ხდებოდა თბილისის საკრებულოში,“ - ასე აფასებს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მომხდარ დაპირისპირებას.
საკრებულოში დაპირისპირება სხდომაზე განსახილველ საკითხთა სიიდან ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის გადაცემის საკითხის ამოღებას მოითხოვდნენ.
„იყო ამაზრზენი საკრებულოს თავმჯდომარის საქციელი, როდესაც მან, იმის ნაცვლად, რომ თუნდაც, აბსოლუტურად განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკოსების, მერობის კანდიდატებისთვის მიეცა რამდენიმე წუთი, დაეთმო მიკროფონი და ტრიბუნა, ამის ნაცვლად გამოიძახა პოლიცია და ლამის, ჯარი და ავიაცია გამოიძახა და მოაწყეს ეგზიკუცია და დარბევა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, ამ არეულობის დაწყებამდე რამდენიმე სხდომაზე საკმაოდ ბევრი საკითხი ჩააგდეს.
„რაც შეეხება იმ ჩხუბს, მე ერთით მეტი ვიყვირებდი იმ საკრებულოს სხდომაზე თუ ერთით ნაკლები ვიყვირებდი, ეს შედეგზე ნამდვილად არ აისახებოდა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიასა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის კამათის და შემდეგ ელენე ხოშტარიას გაყვანის დროს საჭიროდ არ ჩათვალა მისვლა იმიტომ, რომ „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატთან ერთად მისი პარტიელები იმყოფებოდნენ.