19 ოქტომბერი 2017,   12:58
ვრცლად
კორტების საქმის ოქროს მოწმე პროკურატურამ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, კონსპირაციულ ბინაში გადაიყვანა

კორტების საქმის ოქროს მოწმე პროკურატურამ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, კონსპირაციულ ბინაში გადაიყვანა. კობა გოგატიშვილი ქუჩაში რამდენიმე პირის თანხლებით გადაადგილდება. კორტების სპეცოპერაციის საქმის ოქროს მოწმე პროკურატურამ სავარაუდოდ, მოწმეთა დაცვის პროგრამაში გადაიყვანა და კონსპირაციული ბინაც უქირავა.

კობა გოგატიშვილი შოთაძის უწყების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ სავარაუდოდ, იმ აუდიო მასალის გავრცელების შემდეგ აღმოჩნდა, სადაც გოგატიშვილი საქმეზე მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან საუბრობს, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის წინააღმდეგ სასამართლოს სამართალდამცველების ზეწოლის გამო ცრუ ჩვენება მისცა.

ამ ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, კობა გოგატიშვილმა ბრიფინგი გამართა და განმარტა, რომ აუდიო მასალაში მისი ხმა არ იყო.

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ მოწმე გოგატიშვილზე პროკურატურა ახლაც ზეწოლას ახორციელებს, რათა მან ცრუ ჩვენების შესახებ საუბარი შეწყვიტოს.

დღეს "კურიერი" თემქაზე იმ კონსპირაციულ ბინასთან იმყოფებოდა, სადაც კობა გოგატიშვილი ცხოვრობს. ის ქუჩაში რამდენიმე პირის თანხლებით გადაადგილდება.

კობა გოგატიშვილმა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. უქირავა თუ არა კონსპირაციული ბინა და იმყოფება თუ არა პროკურატურის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ ოქროს მოწმე - ამ კითხვებს პასუხი არც პროკურატურამ გასცა.

შეგახსენებთ, რომ კორტების საქმეზე მსჯავრდებულები პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე არიან.

დღის ამბები