19 ოქტომბერი 2017,   12:54
ვრცლად
აზიური ფაროსანას კიდევ ერთი სამიზნე - აღმოსავლეთ საქართველო მწერის გავრცელების საშიშროების წინაშე დგას 

აზიური ფაროსანას გავრცელების საშიშროება უკვე აღმოსავლეთ საქართველოსაც ემუქრება. დარგის სპეციალისტები განგაშის სასწრაფოდ ატეხვას ითხოვენ. მომავალ წელს, არ არის გამორიცხული, კახეთი მოსავლის გარეშე დარჩეს. 

ბიოლოგები ვარაუდობენ, რომ მწერი, რომელმაც თითქმის მთლიანად გაანადგურა მოსავალი დასავლეთ საქართველოში, მომავალი წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს შეესევა. მწერი ვაზს, ხორბალს, სიმინდსა და ყველა სხვა სახეობის მოსავალს გაანადგურებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ  აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოსაც ემუქრება.

სურსათის უვნებლობის სააგენტოში ამბობენ, რომ ერთი მწერი საშუალოდ 250 კვერცხს დებს, ამიტომ ის ძალიან სწრაფად მრავლდება. დღე-ღამის განმავლობაში 100 კილომეტრის გადაფრენა შეუძლია, ამიტომ შორ მანძილზე ვრცელდება. სწორედ ამის გამო, მისი გადაადგილებისა და გავრცელების გაკონტროლება საკმაოდ რთულია.

აზიური ფაროსანა საქართველოში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. თავიდან მცირე მასშტაბით, წელს კი უკვე დასავლეთ საქართველოს მთლიანად მოედო. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირების შემთხვევაში, პრობლემა ამ მასშტაბებს არ მიაღწევდა.

შესაბამისი პრეპარატებით დროულად დამუშავების აუცილებლობაზე საუბრობენ პარლამენტში. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ პრობლემის მოსაგვარებლად 4 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

დღის ამბები