15 დეკემბერი 2017,   23:45
ვრცლად
სინოდი დეკანოზის საქმეს სამოქალაქო სასამართლოს ყველა ინსტანციაში სარჩელების განხილვის შემდეგ შეისწავლის

საქართველოს საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ სინოდის დღევანდელი სხდომის განჩინება გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ სინოდმა დღეს სულ 4 საკითხი განიხილა, აქედან, მთავარი საქართველოს პატრიარქის 40 წლიანი მოღვაწეობის შეჯამება იყო, პატრიარქმა მღვდელმთავრებს ამ თემაზე წიგნის გამოცემა დაავალა.

მამა გიორგი მამალაძის საქმე კი, სინოდმა ბოლო საკითხად განიხილა, თუმცა ყველაზე მეტი გამომსვლელი სინოდის სხდომაზე სწორედ ციანიდის საქმეზე იყო, მათ შორის მთავარი მომხსენებელი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე და ქორეპისკოპსი იაკობი.

სინოდმა დაადგინა, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმის განხილვა საეკლესიო სამართლის თანახმად, მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სამოქალაქო სასამართლოს ყველა ინსტანცია სარჩელების განხილვას დაასრულებს.

"მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ სამოქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით მიუსაჯა, დღეისთვის განაჩენი სააპელაციო საასმართლოშია გასაჩივრებული. ასევე იმის გამო, რომ ამ საკითხის გარშემო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, გამოითქმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები. მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმინდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის მიმართ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა.

"წმინდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასვენების გაკეთებისგან. სააპელაციო საკასაციო პროცედურების დასრულების შემდგომ, წმინდა სინოდი საეკლესიო კანონების მოხედვით, საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც ეკლესიაში საბოლოო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა. 

დღის ამბები