11 დეკემბერი 2017,   13:44
ვრცლად
უნდა მოვახერხოთ, რომ შევქმნათ ერთიანი სტრატეგია, რომელიც ნათელ პასუხს გასცემდა რუსეთის პოლიტიკას - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, უსაფრთხოება და საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმა - ამ საკითხებზე მსჯელობენ ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრმა გახსნა.

ღონისძიებას ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, მთავრობის მეთაური და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები ესწრებიან. კონფერეციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარებაზე და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია კეთილი ნების ქვეყნების მიერ მოხდეს საერთო სტრატეგიის შემუშავება, რომელიც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას პასუხს გასცემს.

„სულ ახალ შეზღუდვებს, სულ ახალ გამყოფ ხაზებს ააგებს ჩვენს ტერიტორიაზე და ასევე ზღუდავს იმ გადასასვლელ პუნქტებს, რომელიც არსებობს საქართველოს მთავარ ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის. ამას ახორციელებს სახელმწიფო, რომელიც არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, სახელმწიფო, რომელსაც უნდა ამაღლებული პასუხისმგებლობა ჰქონდეს, როგორც  მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს და კეთილი ნების ქვეყნებმა უნდა მოვახერხოთ, რომ შევქმნათ ერთიანი სტრატეგია, რომელიც ნათელ პასუხს გასცემდა რუსეთის პოლიტიკას, თავიანთი მეზობლების მიმართ,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კონფერენციაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მონაწილეობს.

დღის ამბები