20 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად მისი ახლობლები გულთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ 

ქართული კინო მის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ვარსკვლავს გლოვობს - ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ლიკა ქავჟარაძის ცხედარი დილით ისევ საკუთარ სახლში გადაასვენეს, სადაც გუშინ საღამოს მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზებს გამოძიება იკვლევს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსახიობის მეგობრები და ახლობლები ამბობენ, რომ გარდაცვლილთან მედიკამენტები არ აღმოუჩენიათ. ლიკა ქავჟარაძის ბიძაშვილი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც სახლში შესულებმა მაგიდაზე ნახეს ნიტროგლიცერინია, რომლის გამოყენებაც ვერ მოასწრო.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მას სუნთქვა უჭირდა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

„ნიტროგლიცერინი ედო მაგიდაზე, ვერ გამოიყენა მაგრამ, ეტყობა გულმა შეაწუხა. სავარაუდოდ გულის მომენტი ჰქონდა, იმიტომ, რომ დეპრესია არ ჰქონია. პირიქით კარგ ხასიათზე იყო, რაღაცეებს ელოდებოდა,“-განაცხადა ფალავანდიშვილმა.

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ექსპერტიზის პასუხს ლიკა ქავჟარაძის ოჯახი ერთ თვეში მიიღებს.

დღის ამბები