19 აპრილი 2024,   08:20
ვრცლად
"მთხოვდნენ, მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება, რომელშიც მეუფე დიმიტრი და იოსებ ოხანაშვილი მონაწილეობდა" - დეკანოზი მამალაძე

მამა გიორგი მამალაძის განცხადებით, პროკურატურა მისგან პატრიარქის მკვლელობის ორგანიზების აღიარებას მოითხოვდა, ასევე ითხოვდნენ თანამზრახველების, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დასახელებას. 

დეკანოზის განმარტებით, შეთავაზება მან უშუალოდ გენპროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძისგან მიიღო. ეს განცხადება ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემსატელეფონო ინტერვიუს დროს გააკეთა, რომელიც მან „რუსთავი 2"-ს, კონკრეტულად კი, ნანუკა ჟორჟოლიანს მისცა.

„დაკავების მომენტიდან, ანუ აეროპორტიდან რომ გამიტაცეს ისე რომ არც მითხრეს, რა ხდებოდა, პროკურატურაში მიყვანიდანვე საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობის მომენტში, სისტემატურად, პირადად ჩემი ადვოკატების თანდასწრებით, მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა მკვლელობის მომზადება, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა მეუფე დიმიტრი და იოსებ ოხანაშვილი.

"მიუხედავად იმისა, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება მქონდა წაყენებული, მთხოვდნენ, რომ პატრიარქის მკვლელობის მომზადება მეღიარებინა. ეს იყო გენპროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე და ის პროკურორ-გამომძიებლები, რომლებიც ჩემთან შემოდიოდნენ,“ - განაცხადა სატელეფონო ინტერვიუს დროს მსჯავრდებულმა, მამა გიორგი მამალაძემ.

ადვოკატების თქმით, მამა გიორგი მამალაძეს სთხოვდნენ, რომ თუ აღიარებით ჩვენებას მისცემდა და თანამონაწილეებს დაასახელებდა, მას პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლებდნენ.

„დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჩემთან დაადასტურა, რომ ის როცა პროკურატურაში მიიყვანეს, მასზე მიდიოდა ზეწოლა მთავარი პროკურორის მოადგილის, ვასაძისგან და იქ მყოფი პროკურატურის თანამშრომლებისგან. სთხოვდნენ, რომ ეღიარებინა, რომ ის პატრიარქს კლავდა და მისი თანამზრახველები იყვნენ მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზის ადვოკატებმა მამა გიორგი მამალაძის დაკავების დეტალებზე ისაუბრეს.

„არანაირი დაკავების პროცესი არ ყოფილა. მოტყუებით ჩაჯდა, მან იცოდა, რომ უნდა მიეყვანათ თვითმფრინავის ტრაპთან და იქ დახვდა რამდენიმე პირი, რომლებმაც ფიზიკურად შებოჭეს და წაიყვანეს. გზაშივე ეუბნებოდნენ, რომ აღიარე, რომ პატრიარქის მოკვლას ახორციელებდი,“ - განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

პროკურატურის პრესსამსახურში „რუსთავი 2"-ს განუმარტეს, რომ „ბრალდებული დეკანოზის უპასუხისმგებლო განცხადებაზე ისინი პასუხის გაცემას არ აპირებენ“. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები