19 აპრილი 2024,   23:27
ვრცლად
გურიაში მოკლული ახალგაზრდის ახლობლებმა ცხედარი ნატანები-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე დაასვენეს

რამდენიმე დღის წინ გურიაში მოკლული ირაკლი ტარიელაძის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მათ მიცვალებულის ცხედარი ნატანები-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე დაასვენეს და მოძრაობა გადაკეტეს. ისინი დამნაშავეების დასჯას და მომხდარის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

მოკლულის ახლობლების ვერსიით, მომხდარში ეჭვმიტანილი მათი მეზობელია, რომელთანაც ტარიელაძეს წლების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა. კონფლიქტის მიზეზი კი, სადაო მიწის ნაკვეთები იყო. 

მოკლულის ახლობლები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს მიმართავენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ. 

ოჯახი ფიქრობს, რომ დამნაშავეს სამართალდამცველები მფარველობენ. გარდა ამისა, მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახს ახლაც ემუქრებიან.

ამ დროისთვის, ბათუმი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის ქობულეთის მონაკვეთი უკვე გახსნილია და მოძრაობა აღდგენილია. 

28 წლის ირაკლი ტარიელაძე რამდენიმე დღის წინ, გურიის სოფელ გურიანთაში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები