20 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
საპრეზიდენტო ვეტოს განხილვა პარლამენტში კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საპრეზიდენტო ვეტოს და მოტივირებული შენიშვნების განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს. უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას აკრიტიკებს და აცხადებენ, რომ კონსტიტუცია ერთპარტიული არ არის.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მოტივირებული შენიშვნების გაზიარებისკენ. დოლიძემ განმარტა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციის პროექტი ერთპარტიულია.

„მოტივირებულ შენიშვნებზე დათანხმების შემთხვევაში, დღევანდელი უპრეცენდენტო ვითარება იძლევა შანსს, რომ ერთპარტიული კუთვნილებიდან კონსტიტუცია გადაიქცეს მთელი პოლიტიკური სპექტრის, მთლიანად საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობის კუთვნილებად,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა ანა დოლიძის და პრეზიდენტის დამოკიდებულება კონსტიტუციის ერთპარტიულობასთან დაკავშირებით გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტს ხუთმა პარტიამ მხარი დაუჭირა.

„ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, თქვენ თუ იცით, ქალბატონო ანა, რომ ეს პარტიები არსებობს და აღიარებს თუ არა პრეზიდენტი ამ პარტიებს?“ - მიმართა ვანო ზარდიაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.

ანა დოლიძის განმარტებით, 20 ოპოზიცური პარტია არ იზიარებს კონსტიტუციის მოცემულ პროექტს.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ „შეიძლება გინესის წიგნშიც შევიდეთ, ვეტოების რაოდენობის მიხედვით“.

ხვალ რიგგარეშე პლენარული სხდომაა მოწვეული, სადაც უმრავლესობა ვეტოს დაძლევას და ახალი კონსტიტუციის დამტკიცებას აპირებს.

დღის ამბები