19 ოქტომბერი 2017,   12:48
ვრცლად
ბაგებში სპეცოპერაციისას დაკავებულები ბიზნესმენისთვის 5 მილიონის გამოძალვას გეგმავდნენ

ბაგებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირების ვინაობა ცნობილია. შსს-ს ინფორმაციით, თამაზ მენთეშაშვილი, გურამ დგებუაძე, დავით ფოცხიშვილი და ვასილ ვასილიადი ფულის გამოძალვის მიზნით აპირებდნენ ბიზნესმენის გატაცებას. თანხა კი, რომლის გამოძალვასაც თავისუფლების სანაცვლოდ ბიზნესმენს შესთავაზებდნენ, 5 მილიონი ლარია.

შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, დაკავებულებმა გეგმის განსახორციელებლად ერთი თვით ადრე იქირავეს კონსპირაციული ბინა.

მისივე ცნობით, დაკავებულები ახორციელებდნენ თვალთვალს ბიზნესმენზე და სწავლობდნენ მის მარშუტს.

ერთერთი ვერსიით, პირველ ეტაპზე დაკავებულები აპირებდნენ, რომ გაეტაცებინათ ბიზნესმენი ოჯახის წევრთან ერთად, თუმცა მოგვიანებით გეგმა შეიცვალა და გადაწყდა, რომ ისინი მხოლოდ ბიზნესმენს გაიტაცებდნენ.

„კურიერის“ ინფორმაციით ბიზნესმენი, რომლის გატაცებასაც ბაგებში დაკავებული პირები გეგმავდნენ, სამშენებლო ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელი, გია გორგოშაძეა.

თავად გია გორგოშაძე მედიასთან კონტაქტზე უარს აცხადებს, თუმცა „კურიერმა“ სამშენებლო ჰიპერმარკეტ „გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან გასაუბრება შეძლო. მისი განცხადებით, გია გორგოშაძესთან მას პირადი კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ოჯახი გატაცების მზადების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

დღის ამბები