24 აპრილი 2024,   09:09
ვრცლად
პარლამენტის მხრიდან ცვლილებები ნაჩქარევად იქნა მიღებული - კონსტიტუციონალისტები კონსტიტუციაზე

საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას გეგმავს. ბონუსების, ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხების ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანას მმართველი გუნდი დამოუკიდებლად აპირებს.

საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად პროცედურები, მათ შორის სახალხო განხილვა თავიდან უნდა დაიწყოს.

ქვეყნის მთავარ კანონში ხშირ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებენ კონსტიტუციონალისტები და მმართველ გუნდს პროცესების ფორსირების გამო საყვედურობენ.

„რაღაც ნაწილი რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მთავარი საკითხები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მათი გამოსწორება ვერ მოხდა. შექმნილმა სიტუაციამ უკვე ცხადყო, რომ პროცესი ცოტა დაჩქარებული იყო და ნაჩქარევად იქნა ცვლილებები პარლამენტის მხრიდან,“ - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახო ჟვანია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტო სწორი შენიშვნებით არის გაჯერებული. გიორგი მშვენიერაძის თქმით, მნიშვნელოვანია ბლოკებისა და ბარიერის საკითხის გადახედვა, თუმცა ეს ცვლილება მთავარ პრობლემას, რომელსაც მაჟორიტარული სისტემა ქმნის, ვერ ხსნის.

„დიახ, პრობლემურად მიგვაჩნია ის საკითხები, რომელთა ნაწილზეც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე განაცხადა და თავადაც დადო პირობა, რომ გადასინჯავს. ეს არის ბლოკების საკითხი, ეს არის ბარიერის დაწევის საკითხი, მათ შორის საკითხი რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა ასევე არის საკითხები, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებული ხასიათის არის. მათ შორის, ჩვენ გვქონდა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2024 წლისთვის დაგვიანებულია და ეს უნდა იყოს 2020 წელს,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები