20 აპრილი 2024,   15:32
ვრცლად
ერთ დღეს საქართველო ალიანსის წევრი გახდება - აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც ბათუმში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ,  საქართველო უკვე დატოვა.

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ბრიუსელში კონკრეტული ინფორმაციით ბრუნდება.

ქვეყნის მთავარი გზავნილები ნატოსთან მეტი დაახლოების სურვილი და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნაა.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი და ზოგ შემთხვევაში, გადამწყვეტი როლიც ენიჭება საერთო ევროპული და ევროატლანტიკური, მისი როგორც გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, იმ წვლილიდან გამომდინარე, რომელიც შეაქვს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ოპერაციებში, ტერორიზმთან ბრძოლაში და აღინიშნა ისიც, რომ საქართველო არის ღირსეული პარტნიორი,“ - აცხადებს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

ბათუმში ჩატარებული კონფერენცია დადებითად შეაფასეს ექსპერტებმა. მათი განცხადებით, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის საუბრის ძირითადი თემები უცვლელია - ეს არის უსაფრთხო გარემოს შექმნა რეგიონში და რუსეთის აგრესია, რაც სპეციალისტების განმარტებით, პრობლემას არა მხოლოდ მეზობლებს, არამედ მთლიანად ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას უქმნის.

„როგორც შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, საქართველოს მომავალი დასავლეთში, ტრანსატლანტიკურ გაერთიანებაშია. თუ კი ჩვენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ასპექტებს სწორად წარვმართავთ, ერთ დღეს საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ნატო საქართველოს ხედავს, როგორც საყრდენს რთულ რეგიონში სტაბილურობის შესაქმნელად. ჩვენ ვერ გადავწყვეტთ ოკუპაციის პრობლემას ერთ ღამეში. უნდა დავანახოთ რუსეთს, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, დონბასსა და ყირიმში სამხედრო ძალების განთავსებით, მან პრობლემა საკუთარ თავს შეუქმნა.

დროთა განმავლობაში მოსკოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები მძიმედ დააწვება რუსეთს. მანამდე კი ძლიერი დემოკრატიით, ეკონომიკის განვითარებითა და კანონის პატივისცემით, საქართველო მზად უნდა იყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემორიგებისთვის,” - განაცხადა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა.  

დღის ამბები