ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ასეთი ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გააკეთა.
გოცირიძემ ახალ კონსტიტუციას ერთპარტიული უწოდა და განაცხადა, რომ „ენმ“ მას მხარს არ დაუჭერს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სესიაზე რომან გოცირიძის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„მიიღეთ ეს კონსტიტუცია, თქვენ ამას დაამტკიცებთ, ხელს აწევთ. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ასეთი ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას და ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. დაგტოვებთ იმ ერთთან ერთად, რომლის ხუთის ჯამი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ერთი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
კრიტიკული იყო დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრთა განცხადებებიც. პარტიის ლიდერებმა დღეს ხელისუფლებას არა ერთხელ შეახსენა წინასაარჩევნო დანაპირები, რომელიც ქვეყნის სრულად პროპორციულ საარჩევნოს სისტემაზე გადასვლას ეხებოდა.
„ჩატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, ერთ შეფასება არსებობს, იმედგაცრუება და ეს არა მხოლოდ ჯანი ბუკიკიოს გრძნობაა. იმედგაცრუებულია ქართული საზოგადოება, იმედგაცრუებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი და ის პოლიტიკური გუნდებიც, რომლებიც თქვენ გიჭერდნენ მხარს და თქვენი პოლიტიკური პარტნიორები იყვნენ. იმედგაცრუებულია ყველა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
ოპოზიციის კრიტიკასა და ბრალდებებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელშიც დევს არა ერთი პოლიტიკური გუნდის, არამედ სახელმწიფოს სიძლიერის მიზანი.