25 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
„ამ აბსურდულ რეალობაში ვართ, რომ „ოცნება“ ფაქტობრივად თავის თავს ებრძვის" - კახა კოჟორიძე

„ამ აბსურდულ რეალობაში ვართ, რომ „ოცნება“, ფაქტობრივად, თავის თავს ებრძვის, როცა ამ ვეტოს ალბათ, გამოუცხადებს უნდობლობას და დაძლევს მას,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძე პარლამენტის უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ განუმარტა, რატომ გამოიყენა პრეზიდენტმა ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე და რა საფრხის წინაშე დგას ქვეყნის დემოკრატია.

კოჟორიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ვეტო მმართველ გუნდთან შეთანხმებულ საკითხებს დაადო.

„ექვსიდან ხუთი საკითხი არის „ქართული ოცნების“ მიერ მოწონებული საკითხი, ასეთი რამ ქართული ვეტოების თუ დემოკრატიის ისტორიას არ ახსოვს, რომ დაპირისპირებული ორი ძალიდან შეთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტად იყოს ექვსიდან ხუთი საკითხი ის, რაც მეორე მხარეს მიაჩნია სწორად. ამიტომ, დღეს არგუმენტები, რომლებიც ამ ვეტოს დაძლევისთვის, ალბათ, იქნება გამოყენებული, იქნება „ოცნების“ არგუმენტები „ოცნების“ პოზიციის წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ცოტა აბსურდულია, მაგრამ ამ აბსურდულ რეალობაში ვართ,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს გაიზომება საქართველოში დემოკრატიის ხარისხი.

„პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არის კომპრომისული სტანდარტის შექმნის მცდელობა საქართველოს პოლიტიკაში... დღეს ეს დევს სასწორზე, რამდენად შეუძლია საქართველოს, შეასრულოს და აწიოს დემოკრატიის ხარისხი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან,“ - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა. 

ახალ კონსტიტუციაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში გრძელდება. მმართველი გუნდი პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებას არ გეგმავს.

დღის ამბები