19 აპრილი 2024,   02:00
ვრცლად
სამართალდამცველთა კოპირებული ჩვენებები - მერიასთან აქციისას დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის მერიასთან აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო. სასამართლო სხდომა 8 ნოემბერს ჩაინიშნა. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაცვის მხარე პროცესზე პოლიციელების დაკითხვას ითხოვს.

ადვოკატი გოგა ონიანი ამბობს, რომ პოლიციელთა ჩვენებები, რომელიც ბრალდების მხარის მიერ იქნა წარდგენილი სასამართლო სხდომაზე, კოპირებულია, რის გამოც დაცვის მხარემ პოლიციელთა დაკითხვა მოითხოვა.

„ახსნა-განმარტება ჰქონდათ ჩამორთმეული დაახლოებით 20 პოლიციელს და ყველა ახსნა-განმარტებაში ეწერა, რომ აღნიშნული მოქალაქეები მოქმედებდნენ ქაოსურად და ორგანიზებულად. ეს ფრაზა იყო ოცივე ახსნა განმარტებაში. შესაბამისად, ჩვენ მოსამართლეს ვუთხარით, რომ ეს იყო კოპირებული ახსნა-განმარტებები, არ იყო ეს რეალური ახსნა-განმარტებები და მოვითხოვეთ ყველა ამ პოლიციელის დაკითხვა სასამართლოზე, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა,“ - განაცხადა ადვოკატმა გოგა ონიანმა.

დღეს სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებები იქნა წარდგენილი, რომელთა განხილვაც მომდევნო სასამართლო სხდომაზე მოხდება.

ერთ-ერთი დაკავებული გიორგი რუხაია კიდევ ერთ დარღვევაზე მიუთითებს. რუხაია ამბობს, რომ ბრალდების მხარემ მისი დამკავებელი პოლიციელი შეცვალა. რუხაია სამართალდამცველებს დაკავების შემდეგ ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. 

„დაკავების ფაქტები არსებობს, მე მანქანაში როგორ მსვამენ. ეს ჩვეულებრივად ტელევიზიითაც გაშუქდა, მაგრამ მას შემდეგ რა ჩაიდინეს ჩემს მიმართ პოლიციელებმა, იმაზე არავინ არ ლაპარაკობს იმიტომ, რომ ის პოლიციელი გადამალეს. ჩემს დამკავებლად ხან ერთის გაფორმება უნდოდათ ხან მეორის და ისიც არ ვიცი, ვინ არის ჩემს დამკავებლად გაფორმებული დღეს,“ - აცხადებს თბილისის მერიასთან აქციის დროს დაკავებული გიორგი რუხაია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის ფაქტს აპროტესტებდნენ.

დღის ამბები