მალტაში გავლენიანი ჟურნალისტი და ბლოგერი მოკლეს. კარუანა გალიცია, რომელიც ე.წ. პანამის დოკუმენტებსა და ოფშორულ გარიგებებს იძიებდა, მისივე სახლთან, მანქანაში ააფეთქეს. 53 წლის ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა.
ცნობილია, რომ მკვლელობამდე ორი კვირით ადრე გალიციამ პოლიციაში განაცხადა, რომ მას ემუქრებიან და უთვალთვალებენ. თავდასხმას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ.
გალიცია ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი კრიტიკულ სტატიებს წერდა და ე.წ. პანამის დოკუმენტების საფუძველზე, მალტის პრემიერი კორუფციაში დაადანაშაულა. სწორედ გალიციას სტატიის შემდეგ დაიწყო პრემიერმინისტრის წინააღმდეგ გამოძიება.
მკვლელობას პრემიერმინისტრი უკვე გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. ჯოზეფ მუსკატის ინფორმაციით, გამოძიებაში ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
მკვლელობის შესახებ ინფორმაციისთვის, Wikileaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა 20 ათასი ევროს ოდენობის ფულადი ჯილდო დააწესა.