25 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
საკრებულოს ხმაურიანი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საქალაქო სასამართლოში თბილისის საკრებულოს ოპოზიციის გაერთიანებული სარჩელი შევიდა. დეპუტატები საკრებულოს იმ გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას პუშკინის სკვერის და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები გადაეცა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, საუბარია საკრებულოს ორ გადაწყვეტილებაზე. ერთ-ერთი მათგანი შეეხება ამ მიწის ფართობებისთვის ზონალური სტატუსის მოხსნას. მეორე კი ნაკვეთების გასხვისებას.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ გაუქმდეს საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილება. ისევე, როგორც უნდა გაუქმდეს საკრებულოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ერთ შემთხვევაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილისთვის გამზადებულ ნაკვეთებს მოეხსნა ზონალური სტატუსი და მეორე შემთხვევაში, როდესაც უკვე ეს ნაკვეთები გასხვისდა ბიძინა ივანიშვილზე. ამავდროულად, ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს ამ გადაწყვეტილებების აღსრულება,“ - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

საკრებულოს ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის”თავმჯდომარის განცხადებით, საკრებულოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად ქვორუმიც კი არ ჰქონდა. მამუკა ახვლედიანის თქმით, ყველანაირი ნორმა იქნა დარღვეული, ამიტომ ის იმედს გამოთქვამს, რომ საქალაქო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ბათილად ცნობს.

„34 ხმა იყო საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად და 29 ხმით მიიღეს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

კოლეგებს ეთანხმება, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარე. ხათუნა სამნიძის თქმით, საკრებულოს გადაწყვეტილება არის უკანონო.

 

დღის ამბები