ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა, მინდია გორაძემ, იგივე ლავასოღლიმ საქართველო დატოვა.
ინფორმაციას ლავასოღლის ქვეყნიდან გასვლის შესახებ, რომლის წინააღმდეგაც რამდენიმე მუხლით სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ადვოკატი ადასტურებს.
ლექსო კობაიძის თქმით, მან ზუსტად არ იცის, რომელ ქვეყანაში წავიდა მინდია გორაძე, თუმცა, მისივე განმარტებით, ის აპირებს, რომ 30 ოქტომბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწროს.
„მას სურვილი აქვს, რომ დაესწროს თავის სასამართლო პროცესს,“ - განაცხადა ლექსო კობაიძემ.
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, ლავასოღლიმ, საპყრობილე გუშინ დატოვა. ის სწორედ ის პირია, რომელთანაც საიდუმლო კავშირში ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს.
მინდია გორაძე 2015 წელს მოლდოვაში დააკავეს. ქართული მხარე მის გადმოცემას ითხოვდა და რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა. ერთ-ერთი არის ყაჩაღური თავდასხმის მომზადება, ადამიანების დაშინება და მუქარა. ამ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მინდია გორაძეს 9 თვიანი თავისუფლების აღკვეთა მისჯილი ჰქონდა სასამართლოს უპატივცემულობისათვის. გუშინ ეს ვადა ამოიწურა, რის გამოც ის გაათავისუფლეს.