21 ნოემბერი 2017,   01:11
ვრცლად
ფინანსურ წახალისებაზე დახარჯული 100 ათასობით ლარი - ნარმანიას სამმა მოადგილემ 12 თვეში პრემია-დანამატი 13-ჯერ აიღო

თბილისის მერიამ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მერის 3 მოადგილის ფინანსურ წახალისებაზე ასი ათასობით ლარი დახარჯა. დავით ნარმანიას სამმა მოადგილემ - ლაშა აბაშიძემ, ირაკლი ლექვინაძემ და ნინა ხატისკაცმა, 12 თვეში პრემია და დანამატი 13-ჯერ აიღეს.

თბილისის ვიცემერისა და მოადგილეების შემოსავლები რეგინფომ დააჯამა.

თბილისის ვიცემერმა, ლაშა აბაშიძემ, 2016 წელს 73 475 ლარი მიიღო, აქედან ხელფასი 35 400 ლარია, დანარჩენი კი პრემია-დანამატი. წელიწადში 13-ჯერ მიღებულმა პრემია- დანამატის რაოდენობამ 38 ათას ლარს გადააჭარბა. აბაშიძე ამტკიცებს, რომ პრემია მხოლოდ ერთხელ, დანამატი კი, ყოველ თვეში ხელფასთან ერთად აიღო, რასაც კანონი არ კრძალავს.

ვიცემერის ხელფასმა 2016 წელს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილს, ხელფასს გადააჭარბა.

ლაშა აბაშიძესთან ერთად, პრემიერზე მეტი შემოსავალი მიიღო მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემაც. ჯამში 75 320 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მერის მოადგილე, ხელფასთან ერთად, კიდევ ერთი ხელფასის ოდენობით დანამატს ყოველთვიურად ან თვეში ორჯერაც იღებდა.

მერიის მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირთა ჩამონათვალში მოხვდა ნინა ხატისკაციც, რომლის ყოველწლიურმა შემოსავალმა 75 ათას ლარს გადააჭარბა.

ლექვინაძე აცხადებს, რომ მისი ანაზღაურება არა პრემიას, არამედ ხელფასს და დანამატს მოიცავს.

საინფორმაციო ქსელების ცენტრის რედაქტორი, რომელმაც მერიის მაღალჩინოსნების ყოველთვიური ანაზღაურება შეისწავლა, ამბობს, რომ მერის მოადგილეების მიერ დანამატით პრემიის ჩანაცვლებას ბიუჯეტიდან მეტი ფულის ხარჯვა მოჰყვა.

მერობის კანდიდატები თანხმდებიან, რომ კოლოსალური რაოდენობის დანამატების მიღება მერიის მაღალჩინოსნების მიერ გაუმართლებელია.

ავტორი: ნათია ჟამერაშვილი

დღის ამბები