19 აპრილი 2024,   06:07
ვრცლად
პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სკანდალური ჩვენება - კაკაბაძე პრეზიდენტის დაკითხვას ითხოვს

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პროკურატურას ერთკვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს და პრეზიდენტი დაიკითხოს. საუბარია პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის სკანდალურ ჩვენებაზე, რომელშიც მან შეწყალების კომისიის კორუფციულ საქმიანობაზე ისაუბრა.

სოსო ოხანაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ საპატრიარქოში პატიმართა ოჯახები მსჯავრდებულების შეწყალებისთვის ფულს იხდიდნენ. მთავარ მოქმედ პირებად მან ეკა ბესელია, ნანა კაკაბაძე და ირმა ჭკადუა დაასახელა. სოსო ოხანაშვილის თქმით, ისინი პატრიარქის მდივანთან შორენა თეთრუაშვილთან ახლო ურთიერთობაში იმყოფებიან და შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობენ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ამ თემაზე საუბარი არ სურს და ინფორომაციას სისულელეს უწოდებს. სოსო ოხანაშვილის მიერ დასახელებული კიდევ ერთი პირი - ნანა კაკაბაძე კი მიიჩნევს, რომ გამოძიების ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი უნდა დაიკითხოს, რადგან საბოლოოდ, პატიმართა ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილებას სწორედ გიორგი მარგველაშვილი იღებს.

რაც შეეხება ირმა ჭკადუას, ადვოკატმა სოსო ოხანაშვილის ჩვენების ეთერში გასვლისთანავე ჟურნალისტების წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

სოსო ოხანაშვილმა ჩვენება სასამართლოს ორი თვის წინ მისცა, თუმცა პროკურატურას საქმეზე მოკვლევა ამ დრომდე არ დაუწყია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები