25 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" კონსტიტუციის გადახედვა, ვენეციის კომისიის ულტიმატუმის გამო უწევს - არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს

ოპოზიცია კონსტიტუციის მიღების შემდეგ ახალი ცვლილებების დაგეგმილი ინიცირების გამო „ქართულ ოცნებას“ მწვავედ აკრიტიკებს.

ოპოზიცია მმართველ გუნდს ერთპარტიული დოკუმენტის მიღებაში ადანაშაულებს. პოლიტიკოსების განცხადებით, მმართველი გუნდი დაჩქარებულ ტემპში მხოლოდ მათთვის მისაღები ცვლილებების გატარებას ცდილობს.

„პრეზიდენტი მოაწერს თუ არა ხელს, ეს კონსტიტუცია უკვე მიღებულია და ის ძალაში შევა, ეს არის რეალობა რის წინაშეც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეები დააყენა. ახალი პროექტის ინიცირების საფუძვლებს ვერ ვხედავ, რატომ არის მოტივირებული „ქართული ოცნება“, მაგრამ ფაქტი არის ერთ, რომ თუნდაც ის, რომ ახალი პროექტის შემოტანას გეგმავენ, ადასტურებს იმას, რომ მათ მიერ წარმართული პროცესი იყო ძალიან  ცუდი,“-განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა, თამარ კორძაიამ.

არასაპარლამენტო სპექტრში პრეზიდენტს მოუწოდებენ ვეტოს მიუხედავად, დამტკიცებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწეროს. „ახალი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას რამდენიმე დღის წინ დამტკიცებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ვენეციის კომისიის მკაცრი ულტიმატუმის გამო უწევს.

„ვენეციის კომისიამ ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა "ქართულ ოცნებას", რომ თუ ის სასწრაფოდ ცვლილებებს არ შეიტანს კონსტიტუციაში, კიდევ უფრო მკაცრი იქნება შეფასებები მათი მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ 21 ოქტომბერი არის გადამწყვეტი და თუ ჩვენ ამ არჩევნებზე დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“, ასეთ შემთხვევაში დავიწყებთ სრულიად ახალ საკონსტიტუციო ცვლილების პროცესს,“-აცხადებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

მოაწერს თუ არა ხელს კონსტიტუციას, გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს დრო მომავალი კვირის სამშაბათის ჩათვლით აქვს. რის შემდეგაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცედურის თავიდან დაწყებას გეგმავს.

დღის ამბები