19 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
თბილისის 67-ე სკოლის მასწავლებელს მოსწავლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეები ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის მხარდამჭერ საპროტესტო აქციას მართავენ. მასწავლებელი ამჟამად ბიულეტენზეა გასული, თუმცა სკოლაში ამბობენ, რომ დირექტორს მისი სკოლიდან გაშვება აქვს განზრახული.

სკოლაში სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა, თუმცა მე-12 კლასელები დღეს გაკვეთილებზე არ შევიდნენ. მოზარდების განცხადებით სკოლის 3 მოსწავლეს იძულებით დააწერინეს განცხადება, თითქოს აღნიშნული მასწავლებელი ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობდა.

სკოლაში დღეს სასწრაფოს გამოძახებაც კი გახდა საჭირო. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის დირექტორმა მე-12 კლასელების დამრიგებელს სკოლიდან გათავისუფლების მუქარით აქციის ჩაშლა მოსთხოვა დამრიგებელი კი შეუძლოდ გახდა.

მოსწავლეები აცხადებენ, რომ სკოლის ადმინისტრაციამ დაბალკლასელებს იძულების წესით დააწერინა საჩივრები ქიმიის მასწავლებლის წინააღმდეგ.

„ვეწინააღმდეგებით ქალბატონ დოდო კეზუას სკოლიდან გაშვებას. ჩვენი ძველი ქიმიის მასწავლებლის. მართალია ჩვენ მასთან შეხება არ გვაქვს, მაგრამ 4 წელი გვასწავლიდა და პატივს ვცემთ, ვიცით როგორი მასწავლებელია. მეორე ის არის რომ საუბარი იყო სამ საჩივარზე, რომელიც მისი მიმართულებით იყო დაწერილი. მინდა გითხრათ, რომ ბავშვები არანაირ ზეწოლას არ აღიარებენ მასწავლებლის მხრიდან და თუ რაიმე ნეგატიური იყო დაწერილი პირადად ჩემი და არის მე-8 კლასელი, ამ კლასში მოხდა ეს ინციდენტი და მაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ დაეწერათ ის რაც არ მომხდარა,“-განაცხადა გიორგი ჭონქაძემ.

ქიმიის მასწავლებლის მიერ მოსწავლეების შეურაცხყოფაზე საუბრობს მშობელთა ნაწილი.

„ერთ ფაქტის მომსწრე პირადად გავხდი  რა დღეში იყო ის ბავშვი, როდესაც ჰყვებოდა როგორ სცემს ის მასწავლებელი და როგორ სცემა მის კლასელებს. ის ბავშვი არის ეთნიკური აზერბაიჯანელი, მიაყენა მასწავლებელმა კლასის თანდასწრებით შეურაცხყოფა და უთხრა, რომ იგი თათრების ქორწილში არ ყოფილა და უნდა გაათხოვოს მეათე კლასელი ბავშვი, რათა თათრების ქორწილს დაესწროს,“-აცხადებს 67-ე სკოლის მოსწავლის მშობელი ნათია მახარაშვილი.

დღის ამბები