19 აპრილი 2024,   23:58
ვრცლად
არჩევნები წარიმართება სამართლიან და მშვიდობიან გარემოში - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობა, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნებს ეხმაურება. განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საარჩევნო გარემოს ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც მისივე თქმით, სამართლიან და მშვიდობიან არჩევნებს უზრუნველყოფს.

„არჩევნები წარიმართება სამართლიან და მშვიდობიან გარემოში. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა. ჩვენ არჩევნებიდან არჩევნებამდე ვაუმჯობესებთ საარჩევნო გარემოს და ამ გარემოს ხარისხი, ეს არის საერთო სურათი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ. რაც შეეხება ინდივიდუალურ შემთხვევებს, ასეთი შემთხვევები შეიძლება მოხდეს ნებისმიერი არჩევნების დროს, ნებისმიერ ქვეყანაში. მთავარია სათანადო რეაგირება. თუ იქნება დარღვევა კანონის, სამართლებრივი ნორმების, ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით სათანადო რეაგირება და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების თითოეულ უწყებას ექნება სათანადო რეაგირება. საერთო სურათი არის ის, რომ არჩევნები ტარდება სამართლიან გარემოში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას არ იზიარებს არც პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. მისი თქმით, დარღვევები არჩევნების მოახლოებასთან ერთად მატულობს, თუმცა მათზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება ხდება.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად პროცესი აქტიურდება ხოლმე და მათ შორის დარღვევებიც აქტიურდება ხოლმე. მთავარი არის ის, რომ ყველა ეს ფაქტი შესაბამისი უწყებების შესწავლის საგანი ხდება. მე როგორც ვიცი, უწყებათაშორისი კომისიაც და სხვა კომპეტენტური ორგანოებიც ამ საქმეებს სწავლობენ. ხშირად არის ხოლმე დაუსაბუთებელი, მაგრამ თუ არის დასაბუთებული, არის შესაბამისი რეაგირებები,“ - აცხადებს ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ბოლო შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში არა ერთი სავარაუდო დარღვევის შემთხვევა მოხვდა, მათ შორის მუქარა-ზეწოლის ფაქტები, რის შედეგადაც ოპოზიციონერმა კანდიდატებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს თქვეს.

დოკუმენტში მოხვდა ბაღების სკანდალიც, როდესაც დირექტორები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიებს ადგენდნენ. ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება, რადგან ეს შემთხვევები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები