21 ნოემბერი 2017,   01:07
ვრცლად
დაპირისპირება 67-ე საჯარო სკოლაში - მშობლები და პედაგოგები ხვალ პროკურატურას მიმართავენ

67-ე საჯარო სკოლის 12-ე კლასელებმა ქიმის მასწავლებლის დოდო კეზუას სავარაუდო გათავისუფლება აქციით გააპროტესტეს. მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ პედაგოგს დირექტორი ბავშვების განცხადების საფუძველზე უშვებს, ეს საჩივრები კი იძულებით დააწერინა. სკოლის ხელმძღვანელის და პედაგოგის ღია დაპირისპირება ძალადობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ურთიერთბრალდებების მიზეზით დაიწყო.

ქიმიის პედაგოგი, რომელიც ამჟამად ოფიციალურად ბიულეტენზეა, ყვება, რომ დაპირისპირება, მასსა და დირექტორს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლაში სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილის აპარატს მიმართა.

თვენახევრის წინ უჩა ნანუაშვილის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ჯეჯელავას უწყებამ აუდიტის დეპარტამენტი 67-ე საჯარო სკოლაში მიავლინა. ომბუდსმენი სკოლაში არსებული ვითარებით უკვე მეორედ დაინტერესდა.

თავად სკოლის დირექტორი მარინა თავართქილაძე გამართულ აქციას კონკრეტული პირების მიერ მართულს უწოდებს. მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილი კი, დირექტორისა და დოდო კეზუას დაპირისპირებაზე ღიად საუბრობს. ისინი ამბობენ, რომ დირექტორი ავიწროებდა პედაგოგებს და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც ახდენდა. მარინა თავართქილაძე გაკვეთილებზე უკანონო თვალთვალსაც ახორციელებდა. 

დღის ბოლოს კი, სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრების მტკიცებით, მშობლებსა და პედაგოგებს მომხდარზე არ უსაუბრიათ, თუმცა მომხდართან დაკავშირებით გამოძიების მოთხოვნით ხვალ პროკურატურას მიმართავენ. "კურიერის" ინფორმაციით, განათლების სამინისტრო აუდიტის დასკვნას ორშაბათს გაასაჯაროებს და დასკვნის საფუძველზე 67-ე საჯაროს სკოლის დირექტორს გაათავისუფლებს.

დღის ამბები