მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარ სროლას და დაჭრის ფაქტს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს და საზოგადოებას, ისევე როგორ პოლიტიკურ ძალებს, ურჩევს, გამოძიების შედეგებს დაელოდოს.
"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ეტაპზე რაიმე ტიპის ვერსიებზე საუბარი, მიმდინარეობს გამოძიება. ვერავითარი პოლიტიზირება ამ საკითხისა ვერ მოხდება, მარტო იქიდან გამომდინარე, რომ სტატუსი ჰქონდა და აქვს ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატისა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველგვარი არჩევნებთან დაკავშირების და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. რაც შეეხება ქვემო ქართლს და სხვა იმ რეგიონებს, სადაც შეიძლება იყოს ნიშნები გარკვეული დაძაბულობისა, რა თქმა უნდა, იქ როგორც წინა არჩევნებზე, შესაბამისი სტრუქტურები ფლობენ ინფორმაციასაც, სიტუაციასაც და გეგმას პრევენციისა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მომხდართან დაკავშირებით წინასწარ ვერსიებსა და ვარაუდებზე საუბარს სპეკულაციად მიიჩნევს საგარეო საქმეთა მინისტრი.
„ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების პროცესს და სანამ არ გვეცოდინება შედეგები, მანამდე გარკვეული სპეკულაციები და ვერსიებზე საუბარი, მიზანშეწონილი არ არის,“ - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.