24 აპრილი 2024,   20:59
ვრცლად
დღეს გახდება ცნობილი უვადოდ გამწესებულ მოსამართლეთა ვინაობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეების უვადოდ გამწესებას უყრის კენჭს. სხდომის დღის წესრიგში 38 მოსამართლის საკითხის გადაწყვეტაა. კენჭისყრაზე 3 წლიანი ვადით დანიშნული ის იურისტები გადიან, ვინც საბჭოს განცხადებით მიმართა. მათ შორის არიან თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი. ლევან მურუსიძეს უვადოდ გამწესებაზე განცხადება არ შეუტანია.

„საბჭოს გადაწყვეტილებით იქნებიან დღეისთვის ცნობილი ის მოსამართლეები, ვინც უკვე უვადოდ გამწესდა სამოსამართლეო უფლებამოსილების განსახორციელებლად. იუსტიციის საბჭოს ყველა წევრს სრული შესაძლებლობა ჰქონდა ყველა კრიტიკულდა საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით გასაუბრებოდა ქალბატონ თამარს. გასაუბრება ღიაა და მას ესწრებიან დონორი და ასევე მონიტორინგის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები. ამიტომ, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაცია სრულად და ღიად არის საზოგადოებისთვის ცნობილი,“ - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება რთულია, თუმცა თუ ორ თანაბრად კომპეტენტურ ადამიანზე იქნება არჩევანი გასაკეთებელი, ის უპირატესობას კეთილსინდისიერ კანდიდატს მიანიჭებს.

“ჩემთვის პირადად ერთი წევრისთვის, გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ არის ადვილი, ვინაიდან, ის ინფორმაცია, რომელიც მოსამართლეზე შეიძლება მოიძიო, ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი. ამოვედი იმ პრინციპიდან, რომ ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი კრიტერიუმი, ეს არის კეთილსინდისიერება და მეორე კომპეტენტურობა. ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ორ თანაბარ ადამიანს შევადარებთ, კეთილსინდისიერება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია,” -  განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები