25 აპრილი 2024,   15:29
ვრცლად
შემომწირველთა რაოდენობა გასაკვირი არ უნდა იყოს - მდინარაძე "გამჭვირვალობის" შუალედურ ანგარიშზე

„ქართულ ოცნებას" ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, შესაბამისად, გასაკვირიც არ უნდა იყოს შემომწირველების რაოდენობა,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს კითხვები შემოწირულობებთან დაკავშირებით აქვთ და განმარტავენ, რომ ფინანსების 93 % სწორედ მმართველ პარტიაზე მოდის, შემომწირველები კი, ხშირ შემთხვევაში ტენდერებში მონაწილე კომპანიები არიან.

მამუკა მდინარაძის თქმით, ანგარიშში ზოგადი მონაცემებია მოყვანილი.

„საკმაოდ ზოგადი მონაცემებია მოყვანილი, შესაბამისად, საქართველოში არის აბსოლუტურად გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემო. მსგავსი საკითხები რეგულირდება აბსოლუტურად გამჭვირვალედ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ჭორების აგორება მიმდინარეობს.

„ცალ კარში არ უნდა იყოს თამაში. რასაკვირველია, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, მაგრამ ხელისუფლების მიმართ გალაშქრებები, ჭორების აგორება, დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რასაც ჰქვია, საარჩევნო გარემოს საგანგებოდ აღნიშნული გაუმჯობესებული ვითარება, არის ის საკითხები, რასაც სამწუხაროდ, ყურადღებას ნაკლებს უთმობთ და მეტ სკანდალურობაზე გვაქვს ორიენტირები,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები