25 აპრილი 2024,   13:24
ვრცლად
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ შიგნით „ქართულ ოცნებაში“ არანაირი დაპირისპირება არ არის - თეიმურაზ აბაზოვი

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი სროლა, პარტიის მერობის ამჟამინდელ და ყოფილ კანდიდატს შორის უთანხმოებას უკავშირდება, არ ადასტურებს მერობის კანდიდატი თეიმურაზ აბაზოვი.

აბაზოვი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მასსა და ამირან გიორგაძეს შორის დაპირისპირება არ არსებოს. მისივე განცხადებით, საქმის ძიებაში უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრია ჩართული და საზოგადოებას კითხვაზე პასუხი, ვინ და რატომ გახსნა ცეცხლი „ქართული ოცნების“ ოფისთან, უახლოეს პერიოდში ექნება.  

„შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ადგილზე და პირადად მისი მეთვალყურეობის ქვეშ არის ეს გამოძიება. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ შიგნით „ქართულ ოცნებაში“ არანაირი დაპირისპირება არ არის. რაც შეეხება ინციდენტს, ვინაიდან პირადად მინისტრია ჩართული ამ საქმეში, ძალიან მოკლე ხანში იქნება პასუხი და დაველოდოთ გამოძიებას,“ - განაცხადა  ”ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატმა თეიმურაზ აბაზოვმა.

მომხდარზე არ საუბრობენ და შიდა დაპირისპირებას გამორიცხავენ „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც. ისინი ჟურნალისტებს და საზოგადოებას ურჩევენ, გამოძიების შედეგებს დაელოდონ.

„გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი გარკვეული იქნება. არავითარი შიდა დაპირისპირება არ არსებობს, ეს არის მტკნარი სიცრუე,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი თამაზ ნავერიანი.   

ამავე თემაზე
დღის ამბები