18 აპრილი 2024,   11:44
ვრცლად
ყიზილაჯლოს ინციდენტი - არასაპარლამენტო ოპოზიცია დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებში. მმართველი გუნდის ოპონენტები დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.

“მარნეულში ფეთქებად საშიში ვითარება იყო და საჭირო იყო ყურადღების მიქცევა. მე არ ვიცი, ვინ რა ყურადღებას აქცევს, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინდელი მოვლენა ძალიან სერიოზულ დაძაბულობას ქმნის ქვეყანაში. დარჩენილ დღეებში თუ ყველა სახელისუფლებო ორგანო თავის საქმეს გააკეთებს, მაშინ ჩვენ გვექნება ასე თუ ის ნორმალური არჩევნები,“ - განაცხადა ”შენების მოძრაობის” დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მინიმალურ დონეზე მაინც ჩატარდეს.

“ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, უბრალოდ ჯერჯერობით ნამდვილად ვერ ვიტყვი რა დგას ამის უკან. გამოძიება მინიმალურად მაინც უნდა ჩატარდეს, რომ ვიცოდეთ რა ხდება, რაც სწრაფად ჩატარდება გამოძიება, უკეთესია,“ - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის თქმით, ეს არის მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია.

“ეს გახლავთ გომელაურის და ივანიშვილის სპეცსამსახურთა მიერ დაგეგმილი ოპერაცია იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება გადართო პრობლემაზე, რომლის თანახმადაც არსებობს რაღაც დიდი საფრთხე სახელმწიფოსათვის. მე მათ ვეუბნები, საყოველთაო დესტაბილიზაცია იქნება იმ შემთხვევაში თუ ისინი ხმას მიიღებენ,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შემთხვევა “ქართული ოცნების” შტაბთან გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის, “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.

დღის ამბები