25 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
წინასაარჩევნო გარემოს შეფასება - არასამთავრობოებმა გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაზე არასამთავრებო ორგანიზაციების საარჩევნო მედია ცენტრში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე, საარჩევნო ვითარება შეაფასეს. 

„მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის ინციდენტებს მასობრივი ხასიათი არ ჰქონია, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იმატა ზეწოლა-მუქარის შემთხვევებმა. კვლავ პრობლემურად რჩება მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია,“- განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ყურადღება გაამახვილეს სოციალური ქსელის აქტიურად გამოყენებაზე პოლიტიკური მიზნებისთვის.

„ერთ-ერთი პრობლემა, რაც დაფიქსირდა, არის Facebook-ის მიზანმიმართული გამოყენება კონკრეტული კანდიდატების საწინააღმდეგოდ, მადისკრედიტირებელი ან არასწორი ინფორმაციის გასავრცელებლად, რაც შესამჩნევ ხასიათს ატარებდა ძირითადად თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატების მისამართით,“ - განაცხადა „საია"-ს თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ კი, წინასაარჩევნო შემოწირულობებზე ისაუბრეს. არასამთვრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, დიდი დისბალანსია მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას შორის.  

არასამთავრებო ორგანიზაციების საარჩევნო მედია ცენტრმა მუშაობა უკვე დაიწყო. მედია ცენტრი ხვალ მთელი დროის განმავლობაში იმუშავებს და 6 არასამთავრობო ორგანიზაცია - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“, „მრავალეროვანი საქართველო“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენენ.

 

დღის ამბები