"ქართულ ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ბრიფინგი ცოტა ხნის წინ დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ ამ ეტაპისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„მე მინდა გავამახვილო ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე. პირველი, ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს, როგორც ჩანს აძლევენ ასეთ ინსტრუქციას, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს თითოეულ უბანზე და ამ გზით ცდილობენ, რომ ამომრჩეველთა განწყობაზე მოახდინონ რაიმე ტიპის ზეგავლენა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერი მხარდამჭერებს და ამომრჩევლებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„მობრძანდნენ და დააფიქსირონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე საკუთარი არჩევანი,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
თალაკვაძემ აქვე განმარტება გააკეთა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ წევრები ამომრჩევლის პირად ინფორმაციას ინიშნავენ.
თალაკვაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელიც იმყოფება საარჩევნო უბანზე, კანონი აძლევს იმის საშუალებას, რომ აღრიცხოს ამომრჩეველი და ეს კანონდარღვევა არ არის.