24 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
„ვერავინ დამაჯერებს, რომ ყოველმა არჩევნებზე მისულმა მეორე თბილისელმა კახი კალაძეს მისცა ხმა" - ზაალ უდუმაშვილი

„ის, რაც ხდებოდა, ზოგადად, მთელი საარჩევნო პროცესის დროს, ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება საარჩევნო დღის დასრულების შემდეგ „ენმ“-ის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

უდუმაშვილის თქმით, მთელი დღის განმავლობაში „ენმ“-ის მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებზე მისვლაში ხელს უშლიდნენ.

„ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით ცესკოს შედეგებს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, არ სჯერა, რომ ყოველმა მეორე თბილისელმა მხარი კახა კალაძეს დაუჭირა.

„ვერავინ დამაჯერებს, რომ ყოველმა არჩევნებზე მისულმა მეორე თბილისელმა კახი კალაძეს მისცა ხმა. ამიტომ ვაცხადებთ, რომ ყველას მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც არიან წარმოდგენილი საარჩევნო კომისიებში და ახლა საარჩევნო უბნებში იმყოფებიან, დავიცვათ ყველამ ჩვენი ხმები,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ნიკა მელიას თქმით, მთელი დღის განმავლობაში დარღვევები მიმდინარეობდა.  

„ვერავინ ვერასოდეს ვერ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა ადამიანმა მხარი დაუჭირა კახი კალაძეს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლები კი უკვე ცნობილია. 15:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, პირველ ადგილზეა 54%-ით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, 15% "ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის მერობის კანდიდატი "ზაალ უდუმაშვილი, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს.

დღის ამბები