25 აპრილი 2024,   01:28
ვრცლად
"ადამიანებს ერეკებოდა სახელისუფლებო პარტია, ხშირ შემთხვევაში საარჩევნო უბნებზე,“ - ალეკო ელისაშვილი

„ღმერთია მოწამე, ძალით არავინ არ მიგვიყვანია უბნებზე,“ - ეს განცხადება თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

ელისაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მივიდა არჩევნებზე და მისი ნომერი შემოხაზა. მან ასევე მადლობა გადაუხადა დამკვირვებელს და აღნიშნა რომ ხშირ შემთხვევაში ეს დამკვირვებლები უცნობი ადამიანები იყვნენ და ეს ყველაფერი უანგაროთ გააკეთეს.

ელისაშვილმა მადლობა გადაუხადა მისი გუნდის წევრებს, ასევე შტაბის წევრებს.

„ღმერთია მოწამე, ძალით არავინ არ მიგვიყვანია უბნებზე, ისინი საკუთარი სურვილით და გულით და ამ ქალაქის სიყვარულით მოვიდნენ,“ - აღნიშნა ელისაშვილმა.

დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ბრძოლა არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა. 

„ერთის მხრივ იყო ათეულობით მილიონი, ლეგალური, რეგისტრირებული თუ არალეგალური. იყო უზარმაზარი მხარდაჭერა სახელისუფლებლო მედიის, იყო საშინელი ანტი PR ჩემს წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში, იყო უშიშროების ძალიან აქტიური ჩართულობა. გუშინ ვნახეთ აღმაშფოთებელი ფაქტები, როდესაც ადამიანებს ერეკებოდა სახელისუფლებო პარტია, ხშირ შემთხვევაში საარჩევნო უბნებზე,“ - აცხადებს ელისაშვილი.

არათანაბარი ბრძოლის მიუხედავად,  ელისაშვილი კახა კალაძეს გამარჯვებას ულოცავს.

„ნებისმიერს უნდა შეეძლოს შედეგების ღირსეულად აღიარება. ამდენად, მე გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს, ვუსურვებ, რომ ის იყოს ამ ქალაქის წარმატებული მერი,“ - განაცხადა ელისაშვილმა.  

დღის ამბები