19 აპრილი 2024,   03:49
ვრცლად
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საქართველოში არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე დარჩებიან

ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე დარჩება.

ამის შესახებ განცხადება მისიის ხელმძღვანელმა, კარენ იონკერმა, გააკეთა.

სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნების დღემ კარგად ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული სირთულეები.

„აშკარაა, რომ ზოგიერთ რაიონში მეორე ტური გარდაუვალია, ამიტომ ჩვენი მისია დარჩება ქვეყანაში, ვიდრე საბოლოო შედეგები არ გამოქვეყნდება. ჩვენი დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ საარჩევნო პროცესიის დროს მონაწილეებს თავისუფალი კამპანიის ჩატარების საშუალება ჰქონდათ. საერთო ჯამში, დაცული იყო შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლებები. არჩევნების ეფექტურმა ადმინისტრირებამ და ამომრჩეველთა ზუსტმა რეგისტრაციამ ხელი შეუწყო პროცესის ხარისხიანად წარმართვას. რაც შეეხება არჩევნების დღეს, მან კარგად ჩაიარა, თუმცა ზოგიერთ უბანზე ხმების დათვლის ნეგატიური შეფასება მიანიშნებდა სირთულეებსა და დარღვევებზე პროტოკოლების შევსებისას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეფექტურად და პროფესიონალურად იმუშავა,“ - განაცხადა კარენ იონკერმა.  

თვითმმართველობის არჩევნები ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენელმა, სტიუარტ დიქსონმა, შეაფასა. მისი თქმით,  არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდად ჩაიარა, თუმცა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გაურკვევლობა იყო.

„უმეტეს ადგილებში, სადაც ჩვენ მივედით, საარჩევნო პროცედურები კომისიის წევრების მიერ ზედმიწევნით იყო დაცული. მიუხედავად ამისა, იყო გაურკვევლობა კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით იმ პირებზე, რომლებმაც ხმა მისცეს. სამოქალაქო საზოგადოების დამკვირვებლებისგან კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში სერიოზულ ინციდენტებზე ინფორმაცია მივიღეთ. ჩვენ არჩევნებამდე გამართული შეხვედრების დროს მონაწილე მხარეებისგან მოვისმინეთ, რომ კამპანიის დროს ადმინისტრაციულ რესურს იყენებდნენ. ამ ბრალდების დასაბუთება მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ,“ - განაცხადა სტიუარტ დიქსონმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები