19 აპრილი 2024,   22:33
ვრცლად
დღეს გახდება ცნობილი გაათავისუფლებენ თუ არა თბილისის 67-ე სკოლის დირექტორს

დღეს გახდება ცნობილი გაათავისუფლებენ თუ არა თბილისის 67-ე სკოლის დირექტორს. "კურიერის" ინფორმაციით, განათლების სამინისტრო შიდა აუდიტის დასკვნას დღეს გაასაჯაროებს.

სკოლაში ამბობენ, რომ დასკვნაში დირექტორის მხრიდან ფინანსურ დარღვევებზე, ზეწოლაზე, მასწავლებელთა შევიწროებაზე და შეურაცხყოფაზეა საუბარი.

„მთელი რიგი ბრალდებებია წაყენებული დირექტორის წინააღმდეგ და შესაბამისად, ამ დასკვნის საფუძველზე იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქალბატონი დოდოს საკითხს, მინდა ვთქვა, რომ მის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, შესაბამისად, მისი გათავისუფლება არ უნდა მოხდეს,“ - განაცხადა თბილისის 67-ე სკოლის პედაგოგმა თათა ანენაიშვილმა.

სკოლაში ყველა ღიად საუბრობს, რომ არსებობს შიდა დაპირისპირება პედაგოგებსა და დირექტორს შორის, რის გამოც დირექტორი ერთ-ერთ მასწავლებელს სკოლიდან გათავისუფლებით ემუქრება.

ქიმიის მასწავლებლის მხარდასაჭერი აქცია სკოლაში გასულ კვირას გაიმართა. 67-ე სკოლის პედაგოგების ნაწილი კოლეგას მხარს უჭერს და დირექტორის გათავისფულებას ითხოვს.

„აუდიტის სამსახურმა მოიკვლია ყველაფერი, მე დავეთანხმე და ჩემს გარდა კიდევ სამი წევრი დაეთანხმა დირექტორის გათავისუფლებას. ვიმედოვნებთ, რომ განათლების სამინისტრო, ისევ აუდიტის სამსახურის მოკვლევის საფუძველზე მიიღებს სამართლიან და ადეკვატურ გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს თბილისის 67-ე სკოლის პედაგოგი ირინა გოჩიტაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები