24 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გაკეთებულ წინასწარ დასკვნებს, განსხვავებული შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ხარვეზების მიუხედავად, შეფასებები დადებითია, შენიშვნებს კი გაითვალისწინებენ.

„იყო ძირითადად ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რომელსაც მთლიან შედეგზე გავლენა არ მოუხდენია და ვერ მოახდენდა. ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით ვეცნობით დამკვირვებლების ანგარიშებს. ჩვენ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ წლიდან წლამდე გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო,“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

ოპოზიციურ სპექტრში კი აცხადებენ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები რეალურად, არჩევნების გაყალბების ფაქტს ადასტურებს. 

„საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში ნათლად ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი. ვისაც დიპლომატიური ენა ესმის, მას შეუძლია ნათლად ამოისახოს ის, რომ ეს იყო ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ ჩატარებული არჩევნები. ეს ძალიან ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე,“ - აცხადებს „ენმ“-ის წევრი კოტე იოსელიანი.

პოლიტიკოსების განმარტებით, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

„ეს არჩევნებიც შეფასდა როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც დემოკრატიის მიმართულებით, ისე სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებით. ჩვენ ამ არჩევნებზე ვნახეთ ფაქტობრივად ყველანაირი დარღვევა და ეს არჩევნები ძალიან მძიმედ აისახება ქვეყნის განვითარებაზე,“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.

დღის ამბები